logo
ENG



"ამორალურია" - ღარიბაშვილი მაკდონალდსის წინააღმდეგ ჰომოფობიურ პროპაგანდას აგრძელებს

21 ივნ 202311:50
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მაკდონალდსის წინააღმდეგ ქართული ოცნების ჰომოფობიურ პროპაგანდას აგრძელებს.

 ღარიბაშვილის მტკიცებით, მიმდინარეობს ბავშვებში პროპაგანდა, რაც "სრულად ამორალური და მიუღებელია".

 "ამ თემაზე მინდა ჩემი მოსაზრება გამოვხატო... რა თქმა უნდა, რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო დღეების განმავლობაში, რესტორნის ქსელ Mc Donalds-ში მიმდინარეობდა ბავშვებში სწორედ ეს პროპაგანდა, რა თქმა უნდა, ეს არის სრულად ამორალური და მიუღებელი კამპანია. ჩვენ მოვისმინეთ განმარტებები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენთვის მიუღებელია ის პასუხი, რომ თურმე ეს გლობალური კამპანიის ნაწილია და ამიტომ, ჩვენთანაც უნდა მივიღოთ. ასე არ მოხდება, ვფიქრობ, რომ მისასალმებელია, რომ საზოგადოების რეაქცია იყო საკმაოდ მძაფრი და ადეკვატური. ეს არის ჩემი პასუხი", - თქვა ღარიბაშვილმა. 

ღარიბაშვილის მტკიცებით, საზღვარგარეთის სკოლებსა და ბაღებში მიმდინარეობს "ზღვარგადასული პროპაგანდა". მისივე თქმით, "ეს საქართველოში არ მოხდება".

"მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი უფლება, ყველა ადამიანის უფლებაა, როგორი ცხოვრების წესს აირჩევს, ჩვენ არავის საქმეში, პირად ცხოვრებაში არ ვერევით, ეს არის მიუღებელი. მაგრამ, მეორეს მხრივ, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ზღვარგადასული პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს ბაღებში და სკოლებში, უცხოეთში. მადლობა ღმერთს, ეს ჩვენთან არ მოხდება, ჩვენ ამას დავიცავთ, ჩვენ ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ, იმიტომ რომ დაუშვებელი, მიუღებელია სკოლებში და ბაღებში და ახალგაზრდებში ამ თემის პროპაგანდა, ეს არის ჩემი პასუხი", - ამბობს ღარიბაშვილი. 

მაკდონალდსის სერიის წიგნებიდან, რომლებიც ცნობილი ადამიანების ცხოვრებას ეხება, ერთ-ერთი ელტონ ჯონი იყო, რომელზეც ეწერა - "დაქორწინდა და მეუღლესთან, დევიდთან და ორ ვაჟთან ერთად შექმნა ოჯახი, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა". მაკდონალსის ეს სერია, სადაც ელტონ ჯონის ცხოვრებაზე იყო საუბარი, დასრულებულია. სერია სხვა ცნობილი ადამიანების ისტორიებით გრძელდება. ელტონ ჯონის ეს ჩანაწერი ქართულმა ოცნებამ პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენა, სამთავრობო მედიებმა კი მაკდონალდსის გაშავების კამპანია დაიწყეს. ჩანაწერი დაგმო საპატრიარქომაც.


close დახურვა